საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, დღეს დაგეგმილ G7-ის მთავარ შეხვედრამდე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოკლე ორმხრივი შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ CNN-ი ელისეს სასახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.
მედიის ცნობით, დიდი შვიდეულის შეხვედრის მასპინძლის რანგში, მაკრონმა ზელენსკი ღონისძიებაზე დასასწრებად მიიწვია იმ იმედით, რომ მისი ყოფნა, G7-ის წევრების უკრაინისადმი მხარდაჭერის გაძლიერებას შეუწყობდა ხელს. მისიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერის მოპოვებაა.
ზელენსკისა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრა იყო პირველი, რაც მაკრონმა ახსენა, როდესაც მან უკრაინის ლიდერი სამეფო სასტუმროს ტერიტორიაზე მიიღო, სადაც სამიტი იმართებოდა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტრამპის ოფიციალურ გრაფიკში ზელენსკისთან ორმხრივი მოლაპარაკებები არ არის გათვალისწინებული, თუმცა ასეთი სამიტების დროს შესაძლებელია და ხშირად ხდება იმპროვიზირებული შეხვედრების ჩატარება.
