საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვაა, აქციები გრძელდება. რვა წამყვანი პროფკავშირის მოწოდებით, ქვეყნის მასშტაბით 250-ზე მეტი დემონსტრაცია იმართება. გაფიცვის გამო ნაწილობრივ შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა, სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი შეწყდა.

მოსალოდნელი არეულობის თავიდან არიდების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელი და ჟანდარმია მობილიზებული. პარიზსა და რამდენიმე დიდ ქალაქში უსაფრთხოების მიზნით დემონსტრანტებს სამთავრობო უწყებებისა და ცენტრალური ქუჩების სიახლოვეს მსვლელობა აუკრძალეს.

საფრანგეთში განათლების რეფორმის მოთხოვნით დაწყებული პროტესტი ექვს კვირაზე მეტია არ წყდება. შეტაკებების და არეულობის ფონზე, პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა. დაშავებულია ასობით მოსწავლე, სტუდენტი და სამართალდამცველი.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნესის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში დაიწყება დემონსტრანტების დაშლა და დაკავებები:

"ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი იქნება მობილიზებული. უსაფრთხოების ძალები გამოიყენებენ სპეციალურ ტექნიკასაც. ოპერაციაში კვლავ მიიღებენ მონაწილეობას სპეციალური ოპერაციების დანაყოფები. საჭიროების შემთხვევაში, დაიწყება დემონსტრანტების დაშლა და დაკავებები. ეს მეთოდი ეფექტიანად გამოვიყენეთ 24 და 31 ოქტომბერს", - აცხადებს ლორან ნუნესი.