მთელს საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს, რომელშიც ასი ათასობით ადამიანი მონაწილეობს. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვის დღე დაიწყო, რომელსაც პროფკავშირები, "ყვითელი ჟილეტების" მოძრაობა, სტუდენტები და სხვადასხვა სექტორში დასაქმებული მუშაკები უერთდებიან.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნესმა განაცხადა, რომ წესრიგის დასაცავად 70 000-ზე მეტი სამართალდამცველი იქნებოდა მობილიზებული.

მისი თქმით, უსაფრთხოების ძალების მთავარი ამოცანაა, უზრუნველყონ, რომ საპროტესტო დემონსტრაციები მშვიდობიანად და ყოველგვარი ინციდენტის გარეშე ჩატარდეს.

ნუნესის განცხადებით, სადაზვერვო სამსახურებმა ულტრამემარცხენე მოძრაობისა და ძალადობრივი საპროტესტო ჯგუფების მხრიდან მნიშვნელოვანი ინტერესი გამოავლინეს. მინისტრის განმარტებით, ამ ჯგუფებს შესაძლოა რამდენიმე მიზანი ჰქონდეთ: აქციებში მონაწილეობა არეულობის გამოსაწვევად; უნებართვო მსვლელობების ორგანიზება; ასევე, მაღაზიებისა და საზოგადოებრივი შენობების ძარცვა და ვანდალიზმი.

ცნობისთვის, საფრანგეთში უკვე რამდენიმე კვირაა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. პროტესტი სტუდენტურმა აქციებმა გამოიწვია, რომლებიც სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. სტუდენტები გადატვირთულ საკლასო ოთახებს, მასწავლებელთა დეფიციტსა და უნივერსიტეტებში ჩარიცხვის პროცესთან დაკავშირებულ პრობლემებს აპროტესტებდნენ.

მოგვიანებით საპროტესტო მოძრაობამ უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. პროფკავშირები სტუდენტების მოთხოვნებს შეუერთდნენ და ქუჩებში ცხოვრების გაძვირებით გამოწვეული კრიზისისა და საწვავზე ფასების ზრდის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ.