ტურისტმა, რომელმაც ტაძრიდან ადამიანის თავის ქალა მოიპარა, 60 წლის შემდეგ, ის ეკლესიას ფოსტის მეშვეობით დაუბრუნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"ამას არ ელოდები", აცხადებს ფრანც ზეჰეტნერი, რომელმაც ვენის წმინდა სტეფანეს ტაძრისთვის გაგზავნილი ამანათი გახსნა და შიგნით თავის ქალა აღმოაჩინა. ტაძრის არქივარიუსი აღიარებს, რომ ამანათით გაოგნებული დარჩა, თუმცა იქ განმარტებითი წერილიც იდო.

ამანათის გამგზავნი მამაკაცია, რომელიც ჩრდილოეთ გერმანიიდან არის. მედიის ინფორმაციით, წერილში მან განმარტა, რომ თავის ქალა ახალგაზრდობაში, დაახლოებით 60 წლის წინ, ტურისტად ყოფნის დროს მოიპარა და ახლა მისი დაბრუნება სურდა.

მან თავის ქალა წმინდა სტეფანეს ტაძრის ქვეშ არსებული კატაკომბების დათვალიერებისას მოიპარა, სადაც მე-18 საუკუნეში დაკრძალული დაახლოებით 11 000 ადამიანის ნეშტი ინახება.