თურქეთში, NATO-ს F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, პილოტი დაიღუპა. the independent-ის ცნობით, თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წამში, ავტომაგისტრალთან ახლოს ჩამოვარდა.

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავი ბალიქესირის პროვინციაში მდებარე მე-9 მთავარი საჰაერო ბაზიდან ადგილობრივი დროით 00:56 საათზე (21:56 GMT) აფრინდა.

"ჩვენი პილოტი გარდაიცვალა. ავარიის მიზეზი, ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ დადგინდება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარიის ადგილზე, სტამბოლ-იზმირის გზატკეცილის მახლობლად, სასწრაფო დახმარების სამსახურები, მათ შორის მეხანძრეები, სამედიცინო ჯგუფები და უსაფრთხოების ძალები იყვნენ მობილიზებული.

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა გარდაცვლილი პილოტის ვინაობა დაასახელა და თქვა, რომ ის საჰაერო ძალების მაიორი, იბრაჰიმ ბოლატია.

"ჩვენი გმირი თანამებრძოლი 2026 წლის 25 თებერვალს, ჩვენი F-16 გამანადგურებლის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა“, - ნათქვამია მის სამძიმრის წერილში.