მეცნიერების განცხადებით, უახლოეს მომავალში აშშ-ს "განკითხვის დღის ცუნამი" დაატყდება თავს. მათი განმარტებით, უმჯობესია ეს მალე მოხდეს ვიდრე გვიან. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა dailymail-ი ავრცელებს.

ახალი კვლევის თანახმად, ამერიკის წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კასკადიის სუბდუქციის ზონაში (CSZ) კოლოსალური მიწისძვრა 2100 წლისთვის პრაქტიკულად გარანტირებულია, ხოლო მომდევნო 50 წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს მისი მოხდენის შანსი 37%-ს შეადგენს.

CSZ ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროსთან თითქმის 700 მილის სიგრძის რღვევის ხაზია, სადაც ერთი ტექტონიკური ფილა, ხუან დე ფუკას ფილა, მეორეს, ჩრდილოეთ ამერიკის ფილის ქვეშ იძირება.

მეცნიერების განცხადებით, თუ დღეს 8.0-დან 9.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდება, 30 მეტრის სიმაღლის ცუნამი დასავლეთ სანაპიროს დიდ ნაწილს გაანადგურებს, რადგან სანაპირო ზოლი მყისიერად თითქმის 2.4 მეტრით დაბლა დაიწევს.

ფედერალური საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (FEMA) შეფასებით, მხოლოდ მიწისძვრის შედეგად, 5 800 ადამიანი დაიღუპება ESZ ზონაში, ხოლო მის მიერ გამოწვეული მეგაცუნამის შედეგად კიდევ 8 000 ადამიანის დაღუპვაა მოსალოდნელი.

ვირჯინიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევრების ხელმძღვანელობით, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა დასძინა, რომ ზღვის დონის აწევის გამო, ეს საშინელი პროგნოზები დროთა განმავლობაში მხოლოდ გაუარესდება.

კვლევის წამყვანმა ავტორმა, პროფესორმა ტინა დურამ, განაცხადა: "ეს, რა თქმა უნდა, კატასტროფული მოვლენა იქნება აშშ-სთვის. ცუნამი მოვა და ის დამანგრეველი იქნება“.