ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატ მეგჰალაიაში, ქვანახშირის უკანონოდ მომპოვებელ მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 18 მაღაროელი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, სამაშველო ოპერაციები გრძელდება და შიშობენ, რომ რამდენიმე ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშაა.

შტატის პოლიციის ზედამხედველმა, ვიკაშ კუმარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ავარია გამოწვეული იყო ქვანახშირის "ვირთხის ხვრელის" მეთოდით მოპოვების გამო. ეს არის საშიში მეთოდით, რომელიც დინამიტის გამოყენებით ქმნის ვიწრო გვირაბებს, რომელთა მეშვეობითაც მუშები ქვანახშირის მოსაპოვებლად შედიან.

აქტივისტების თქმით, შტატში, "ვირთხის ხვრელის" მეთოდით ქვანახშირის მოპოვება აქტიურად გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი სრულად აკრძალულია.