აშშ-ის მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, ფრთხილად იყვნენ ყალბი "ლაბუბუს" თოჯინების მიმართ, რადგან რეპლიკები "მცირეწლოვანი ბავშვებისთვის დახრჩობისა და სიკვდილის სერიოზულ რისკს წარმოადგენს". ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.

პროდუქტის მომხმარებელთა უსაფრთხოების კომისიამ გაფრთხილება გაავრცელა "ლაბუბუს" ყალბი თოჯინების შესახებ, რომლებსაც "ლაფუფუს" უწოდებენ. როგორც კომისიაში განმარტავენ, ყალბი თოჯინები "ადვილად იშლება პატარა ნაწილებად, რამაც შეიძლება დახრჩობის საფრთხე შექმნას“.

სააგენტოს გამომძიებლებმა ყალბი სათამაშოების დიდი პარტია აღმოაჩინეს და ფედერალური რეგულაციების დარღვევის გამო, მათი გაყიდვიდან ამოღება მოითხოვეს. კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, პიტერ ა. ფელდმანის განცხადებით, "ყალბი თოჯინების ადგილი ამერიკულ სახლებში არ არის“.

"არცერთ მშობელს არ უნდა აწუხებდეს სათამაშო, რომელიც ხელს შეუშლის მისი შვილის სუნთქვას. დაიცავით თქვენი შვილები და იყიდეთ მხოლოდ სანდო გამყიდველებისგან",- აღნიშნა მან.

"ლაბუბუ" ურჩხულის მსგავსი რბილი თოჯინაა, რომელიც ხშირად გასაღების ან ჩანთის სამაგრის სახით იყიდება. თოჯინების პოპულარობა განსაკუთრებით ამ ზაფხულს გაიზარდა.