დაპირისპირება იყო გუშინ რუსთაველის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეებმა, სიმცირის მიუხედავად, გზის სავალი ნაწილი მაინც გადაკეტეს. მოძრაობის შეფერხებას კი ადგილზე, მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა. შეკრებილებს გაფრთხილება მისცეს სამართალდამცველებმა და გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა.

ამის შემდეგ, პარლამენტის წინ საავტომობილო მიმოსვლა აღდგა, თუმცა აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ სოციალური ქსელით ნინო ლომჯარიამ მოუწოდა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, "ფეისბუკ" გვერდზე, ჯერ პოსტი გამოაქვეყნა, შემდეგ კი - ვიდეო, რასაც აქციის რამდენიმე მონაწილის მხრიდან ისევ გზის გადაკეტვა მოჰყვა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, ნინო ლომჯარიას პათოსს იზიარებს და თვლის, რომ რუსთაველის პროტესტი მნიშვნელოვანია.

"აბსოლუტურად შემიძლია დავეთანხმო ქალბატონ ლომჯარიას ამ პათოსში. რა არის აქ გასაკვირი, არ ვიცი. არაერთხელ გვითქვამს, რომ რუსთველის პროტესტი არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რომ არანაირი კანონმდებლობა რეალურად არ არსებობს. ამიტომაც, არაერთხელ, "ქართულმა ოცნებამ" თავისი განცხადებით აღნიშნა, რომ რუსთაველის პროტესტი მისთვის პრობლემაა. ჩვენი პოზიციაც არის იგივე, რომ რუსთაველის პროტესტი არის მნიშვნელოვანი და საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა ამ პროტესტზე ყოფნა", - განაცხადა ანა წითლიძემ.