საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, ნინო ლომჯარიამ მოქალაქეებს კანონის დარღვევისკენ მოუწოდა და შეეცადა ახალგაზრდების ხელით შეესრულებინა უცხოეთიდან მიღებული დავალება.
სეფაშვილის განმარტებით, ლომჯარია აგენტია და მისგან გასაკვირი არაფერია.
"გამოვიდა ნინო ლომჯარია და მოუწოდა მოქალაქეებს, დაერღვიათ კანონი. ალბათ, თვითონ, სავარაუდოდ, ისევ ტროტუარზე იდგა და სურდა, სხვისი ხელით, ახალგაზრდების ხელით შეესრულებინა ის დავალება, რომელიც მისცეს უცხოელმა პარტნიორებმა. თუმცა, ალბათ, გასაკვირი არ არის ამ აგენტისაგან მსგავსი ქმედება, რადგან ეს არის ის ადამიანი, რომელმაც ქართულ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა იმით, რომ ნატრობდა ბომბების წვიმას საქართველოში. ეს არის მისი სახე, ეს არის მისი მოლოდინები საქართველოს მიმართ და მას არ აინტერესებს, არც საქართველო და არც ქვეყანა, არც ქართველი ხალხი. მას აინტერესებს უცხოელი პატრონების დავალებების უპირობოდ შესრულება. სირცხვილია მათთვის ვინც მის გვერდით დგას და სირცხვილია მისთვისაც, რომ ასე აქტიურად იბრძვის ქვეყნის წინააღმდეგ", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ცნობისთვის, დაპირისპირება იყო გუშინ რუსთაველის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეებმა, სიმცირის მიუხედავად, გზის სავალი ნაწილი მაინც გადაკეტეს. მოძრაობის შეფერხებას კი ადგილზე, მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა. შეკრებილებს გაფრთხილება მისცეს სამართალდამცველებმა და გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა.
ამის შემდეგ, პარლამენტის წინ საავტომობილო მიმოსვლა აღდგა, თუმცა აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ სოციალური ქსელით ნინო ლომჯარიამ მოუწოდა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, "ფეისბუკ" გვერდზე, ჯერ პოსტი გამოაქვეყნა, შემდეგ კი - ვიდეო, რასაც აქციის რამდენიმე მონაწილის მხრიდან ისევ გზის გადაკეტვა მოჰყვა.