"რაც შეეხება, უცხოეთში მყოფ ორ პირს, რომელთა მიმართაც დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა, მათგან ერთ-ერთი ირაკლი შაიშმელაშვილია", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრი განმარტებით, მას ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება იმ პირების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, რომლებმაც 4 ოქტომბერს, თბილისში კანონსაწინააღმდეგო, დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინეს – კერძოდ, ძალადობრივი მეთოდებით სცადეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლის დაკავება და კონსტიტუციური წყობილების დამხობა, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე ათეული სამართალდამცავი.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, დღეს დავაკავეთ კიდევ 16 პირი, თ.ქ., გ.ტ., დ.გ., მ.მ., ი.ღ., ა.თ., ა.ვ., გ.კ., გ.თ., გ.ჟ., დ.ღ., კ.ჭ., მ.თ., რ.ჯ., ს.მ., ჯ.თ. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩვენს მიერ ამ დროისათვის, ჯამში დაკავებულია სულ 62 პირი. უცხოეთში მყოფი ორი პირის - ირაკლი შაიშმელაშვილისა და ა.უ.-ს მიმართ კი დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა", - აღნიშნა შს მინისტრმა.