პეტერ ფიშერის საქმიანობასა და სადავო აქტივობებზე კითხვები გერმანიაშიც გაჩნდა. საკითხს "ალტერნატივა გერმანიისთვის" იკვლევს, რომელმაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა.

გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პარტია დაინტერესდა, რომელ ოპოზიციურ ჯგუფებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდა გერმანიის ელჩი ბოლო ათი კვირის განმავლობაში? არსებობდა თუ არა კონკრეტული მიზეზები ამ შეხვედრებისთვის და თუ არსებობდა, რა იყო ეს მიზეზები.

ასევე, სიმართლეა თუ არა ინფორმაცია, რომ გერმანელმა დიპლომატმა უძრავი ქონება ოპოზიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში არსებული აქტივიდან იქირავა და რამდენად შეესაბამება ელჩის ქმედებები ვენის კონვენციას.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ფიშერი ღიად და თავხედურად ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში.

"აეფდ-ს რაც არ უნდა უწოდონ, პროპაგანდისტულად მაინც, ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე რეიტინგული პარტია დღეს გერმანიაში სწორედ ის არის და სწორედ მას აქვს კითხვები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბატონი ფიშერის მოქმედებებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სამარცხვინო ფაქტია ის, რომ საცხოვრებელ სახლს ქირაობს ოპოზიციური პარტიის ლიდერისგან, ეს არის პოლიტიკური კორუფცია.

სხვა ტიპის კითხვებიც არის იქიდან გამომდინარე, რომ ბატონი ფიშერი ღიად და თავხედურად ერევა ჩვენს შიდა საქმეებში, დროული იყო ეს კითხვები და საინტერესოა საგარეო საქმეთა სამინისტრო როგორ ჩამოაყალიბებს პასუხებს,"- აცხადებს ლევან მაჭავარიანი.