ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში, დევნილების სააგენტოს შენობაში, უკრაინის 17 წლის მოქალაქე დანით მოკლეს. მას რამდენიმე დარტყმაა აქვს მიყენებული. ინციდენტის შედეგად დაჭრილია კიდევ ერთი მოზარდი და სააგენტოს დაცვის თანამშრომელი ქალი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება. პოლიციის ცნობით, ისინი სხვა, გარეშე პირს არ ეძებენ და გამოძიება კონკრეტული მიმართულებით მიმდინარეობს.
უკრაინის მოკლული მოქალაქე ვადიმ დავიდენკოა. ის 15 ოქტომბერს, ტუსლაში, ირლანდიის ბავშვთა და ოჯახის სააგენტოს მიერ მართულ დროებით განთავსების ცენტრში, კამათის დროს, დანით დაჭრის შემდეგ გარდაიცვალა.
ირლანდიაში უკრაინის საელჩომ განცხადება გაავრცელა: "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ვადიმის ოჯახის და ახლობლების მიმართ ამ ენით აუწერელი დანაკარგის გამო".
საელჩომ დასძინა, რომ მჭიდრო კონტაქტშია პოლიციასთან, რომელიც ტრაგედიის გარემოებებს იძიებს, ასევე ირლანდიის სხვა უწყებებთან.
მედიის ინფორმაციით, ამჟამად მოზარდის ცხედრის სამშობლოში დაბრუნების პროცედურები მიმდინარეობს.