მმართველი გუნდი ძალადობაში მსჯავრდებულების და ბრალდებულების სტუდენტ პატიმრებად წარმოჩენასა და დანაშაულის წახალისებაზე საუბრობს. პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სატელევიზიო დებატებმა აჩვენა იმ მენტორ-ორგანიზატორების უსაფუძვლო სპეკულაციები, ვინც ახალგაზრდები, წინა ხაზზე რევოლუციისთვის მიუშვეს და კანონს და კონსტიტუციას შეაჯახეს.

სპიკერი, სტატუსთან ერთად, სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოსაც, სადაც ჩანს ძალადობის ფაქტები და მოწოდებები აქციებზე დაკავებულების მხრიდან. სპიკერი წერს, რომ ძალადობისთვის ახალგაზრდების წახალისება დღესაც ხდება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, თუ ვინმემ იძალადა, ეს იყო "ქართული ოცნება".

"თუ ვინმემ იძალადა, ეს იყო "ქართული ოცნება". ახალგაზრდებმა, ქვეყნის სუვერენიტეტის, თავისუფლების, ევროპული არჩევანის საბოტაჟის გამო პროტესტი გამართეს რუსთაველის გამზირზე და, ამ პირობებში, საუბარი იმაზე, ვინ სად იყო, "ქართული ოცნების" მხრიდან არის ცინიზმი", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.