ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის სამხრეთ ნაწილში, ძლიერი ქარისა და კოკისპირული წვიმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, გაუქმდა ფრენები და დაიკეტა ძირითადი გზები. სტიქიამ ათასობით ადამიანის ევაკუაცია და ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ველინგტონში, ღამით, 193 კმ/სთ სიჩქარის "უკიდურესად უჩვეულო" ქარი დაფიქსირდა. ხეების წაქცევამ სახლები დააზიანა და ძირითადი გზები გადაკეტა.
ხელისუფლების ცნობით, რეგიონში 30 000-ზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მათ შორის ველინგტონში, დაახლოებით 10 000 აბონენტს დენი არ მიეწოდება.
აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, 16 თებერვლის დილით, დედაქალაქ ველინგტონიდან ჩამოსული და გაფრენილი რეისების უმეტესობა გაუქმდა ან გადაიდო. Air New Zealand-მა შეაჩერა რეისები ველინგტონის, ნეიპიერის და პალმერსტონ ნორზის აეროპორტებში.
