"არავითარ შემთხვევაში არ ვიფიქრებდი იმას, რომ ამხელა კორუფციული სისტემა იყო აწყობილი და ეს ყველაფერი მის გარშემო ტრიალებდა", - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, გია ვოლსკი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებას.
"ძალიან ცუდი ფაქტია ზოგადად, ჩვენთვისაც, მაგრამ არის მეორე - უფრო უარესი იქნებოდა ის, რომ დამალო და არ წარმოადგინო ის რეალობა, რაც არსებობს. კორუფციის თემა როგორც არ უნდა იყოს გაანალიზებული, რომელი კუთხითაც არ უნდა იყოს შეფასებული, არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის - ამიტომ არის საქართველო კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებლით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, ეს არ არის ჩვენი შეფასება, მსოფლიო ბანკი ასე აფასებს მრავალი მონაცემის მიხედვით", - აცხადებს გია ვოლსკი.
თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, ბრალი უახლოეს საათებში წარედგინება. ბურჭულაძე სუს-ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზეა დაკავებული.
გამოძიების ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით ხელოვნურად გაიზარდა ფასი და 1 მილიონ 333 ათასი ლარით ძვირად შეისყიდეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი. ასევე იკვეთება, რომ ბურჭულაძის ოჯახმა იანვარში ესპანეთში 544 ათას ევროდ სახლი შეიძინა, უკანონო ქონების წარმომავლობის დასამალად კი გაფორმდა სესხისა და ნასყიდობის ფიქციური ხელშეკრულებები წყნეთში უძრავი ქონების გასხვისების შესახებ.
გამოძიების ვერსიით, ყოფილმა მინისტრმა 1,5 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა.