"როგორც მორიელის კუდი არ გასწორდება, ისე არ გასწორდება მიხეილ სააკაშვილი, არ გამოსწორდება ეს დამნაშავე და სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი პირი," - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

საქმე ეხება ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" შეერთებული შტატები დასჯის.

არჩილ გორდულაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ძალაუფლების დასაბრუნებლად ყველაფრისთვის მზად არის.

"ის ყოველთვის იყო, არის და, სამწუხაროდ, ყოველთვის შეეცდება, რომ გარე დავალების შემსრულებელი იყოს, გარე მითითებების აღმსრულებელი და, ამავდროულად, მისი პოლიტიკა იყოს გარეთ მიმართული და არა ორიენტირებული ქართულ საზოგადოებაზე, იგი ამისთვის ყველაფრისთვის მზად არის. იგი იმდენადაა ძალაუფლებისავე ნარკოტიკზე დამოკიდებული, რომ მათ შორის, მზად არის, რომ ყველაფერი, რაც კი ადამიანურია, გათელოს ფეხქვეშ, როგორმე ეს ნარკოტიკი რომ დაიბრუნოს, მათ შორის, მზად არის, რომ როგორც წარსულში გაუყიდია ქვეყანა, ახლაც შეეცადოს და სხვას ლანგარზე მიართვას ჩვენი სამშობლო, მაგრამ ამ ყველაფერს იგი ვერ მოახერხებს, რადგან ის არის სამართლიანი სასამართლოს შედეგად მსჯავრდადებული პირი," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.