სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ბრალდებული პოლიტიკოსების ადვოკატებს საქმის მასალები გადასცეს. მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას ადვოკატები პროკურატურაში იმყოფებოდნენ.
"ლელოს" ლიდერების საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. პროკურატურა მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ასევე ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ ბრალი სულ 8 ოპოზიციონერ პოლიტიკოსს წარუდგინა.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო სამართლებრივი ქვეყანაა და ინსტიტუციებმა თავიანთი საქმე კარგად იციან.
"საზოგადოებამ ხომ კარგად იცის ის ადამიანები, ვინც ახლა პროკურატურის განცხადებაში წარმოდგენილები არიან. კარგად ვხედავდით ჩვენ მათ განცხადებებს, საბოტაჟის, ძალადობის, მობილიზაციის შესახებ და ეს ახალი ნამდვილად არ არის.
ჩვენ სამართლებრივი ქვეყანა ვართ, ძალიან ძლიერი ინსტიტუციებით ამიტომ დანარჩენი ყველაფერი მივანდოთ მათ,"- აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.
