"პროპაგანდისტულმა "ტვ პირველმა" იმისათვის, რომ საზოგადოება მოეტყუებინა, დაეზაფრა და ცრუ კამპანია აეგო სისტემურ დანაშაულთან დაკავშირებით, 2022 წელს მომხდარი ფაქტი, რომელიც გამოძიებულია და შესაბამისად, პირებიც არიან დაკავებულები, ეს ფაქტი საზოგადოებას საერთოდ დაუმალა და ამ ყველაფერზე არაფერი ილაპარაკა, მათ შორის, ანონსში", - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებულ კადრებს აფასებს.
როგორც არჩილ გორდულაძე ამბობს, მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს იმიჯის და ზოგადად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ხალხის ნდობის შესამცირებლად.
"კანონის წინაშე ყველა თანასწორია, შესაბამისი პასუხისმგებლობაც დგება. ზუსტად იგივე მოხდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. მაგრამ, ისევ და ისევ პროპაგანდისტულმა "ტვ პირველმა" იმისათვის, რომ საზოგადოება მოეტყუებინა, დაეზაფრა და ცრუ კამპანია აეგო სისტემურ დანაშაულთან დაკავშირებით, 2022 წელს მომხდარი ფაქტი, რომელიც გამოძიებულია და შესაბამისად, პირებიც არიან დაკავებულები, ეს ფაქტი საზოგადოებას საერთოდ დაუმალა და ამ ყველაფერზე არაფერი ილაპარაკა მათ შორის, ანონსში. შემდეგ მთელი დღის განმავლობაში მოუწია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამამართლებელი არგუმენტების მოძიება. ჩვენ ვხედავთ, რომ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს იმიჯის და ზოგადად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ხალხის ნდობის შესამცირებლად, რომელიც, თავის მხრივ, მიმართულია იმისაკენ, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა აღარ გააგრძელონ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად ზრუნვა", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
ირკვევა, რომ ჟურნალისტები მასალის გავრცელებამდე ფლობდნენ რეალურ ინფორმაციას, რომ ბრალდებულები უკვე დაკავებულები არიან, თუმცა ფაქტი შეგნებულად დამალეს. საქმე ეხება 2022 წელს ჩადენილ დანაშაულს, რომელშიც იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამი თანამშრომელი ფიგურირებს და რომელზეც გამოძიება მიმდინარე წლის თებერვალში, სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო. ირკვევა ისიც, რომ ნოდარ მელაძის შაბათს პროკურატურამ აღნიშნული ინფორმაცია სრულად მიაწოდა, თუმცა ეთერში ის მაინც არ გაჟღერდა. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ძალის გადამეტების ცალკეული შემთხვევის მიმართ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, სახელმწიფო განუხრელად რეაგირებს.
ითქვა ისიც, რომ ტელეკომპანიამ ფაქტი ინფორმაციის წინასწარ ქონის შესახებ შეგნებულად დამალა და ანონსში არ ასახა რეალობა, რომ ბრალდებულები უკვე დაკავებულები არიან. ეს იმ ფონზე, როდესაც თებერვალში თავად "ტვ პირველსაც" ჰქონდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ძალადობაში მხილებული სამივე პირი ბრალდებულების სახით, შესაბამისი მუხლით დააკავეს.
