ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ 2 პირს უახლოეს საათებში ბრალს წარუდგენენ. მათ შორის, ერთი "ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელი, გულბაათ რცხილაძეა - ინფორმაცია დაადასტურეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სუს-ის გამოძიებით ირკვევა, რომ რცხილაძე წლების განმავლობაში, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას სისტემატურად იძიებდა და გადასცემდა, სანაცვლოდ კი მატერიალურ სარგებელს იღებდა.

გულბაათ რცხილაძის ადვოკატის, ლაშა გოლუბიანის თქმით, ვერ დასტურდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა.

"ალბათ, გამოკითხვა იქნება ბრალთან ერთად. ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, წინა შეხვედრაზე ბრალს არ აღიარებდა და დარწმუნებული ვარ ეგრე იქნება. ვერანაირად ვერ მტკიცდება და ვერ დასტურდება, რომ რაიმე ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა ქვეყნის წინააღმდეგ. გაუთქმელობაზე ხელი მოწერილი, ამიტომ დეტალებზე თავს შევიკავებ ამ ეტაპზე", - განაცხადა ლაშა გოლუბიანმა.