"ბანგლადეშელი ხარი, საოცრად ჰგავს დონალდ ტრამპს" - ამ სათაურით პირუტყვის ვიდეოს სოციალურ ქსელში პატიმარი პრეზიდენტი აქვეყნებს. მიხეილ სააკაშვილი ამერიკის პრეზიდენტს, ამჯერად ბანგლადეშელ ხარს ადარებს.
მის შეურაცხმყოფელ "ფეისბუქ" სტატუსს ამ დრომდე არ აფასებენ სააკაშვილის თანაპარტიელები. მმართველი გუნდის შეფასებით კი, ანტიამერიკული განცხადებები ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესს უკავშირდება.
უმრავლესობის თქმით, ოპოზიციის გარე დავალებაც, სწორედ თბილისსა და ვაშინგტონს შორის არსებული ურთიერთობების დადებითი ტენდენციებისთვის ხელის შეშლაა. ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" პატიმარი ლიდერის ანტიამერიკულ განცხადებაზე დუმს, სააკაშვილმა სტატუსი "ფეისბუქიდან" გააქრო.
საკითხს გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. მამუკა მდინარაძის განცხადებით, რაც უფრო დათბება ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის, მით უფრო შეურაცხმყოფელი იქნება ოპოზიციის განცხადებები.
"ისინი ამ მიდგომას გააღვივებენ მას შემდეგ, რაც უფრო დათბება საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, იმიტომ, რომ ეს მათთვის არის კატასტროფის ტოლფასი. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის შეიძლება პიარულად არ იყოს მომგებიანი - ხშირად ამას უფრო აქცევენ ყურადღებას, სამომავლო პერსპექტივაში ამას უყურებენ წამგებიანად, პიარულ სვლებს უკავშირებენ ყველაფერს, დავალებებს და რაღაც სტერეოტიპების დანერგვით, კლიშეების დადებით ცდილობენ საკუთარი ქვეყნისვე ხელისუფლების დაზიანებას, ოღონდ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე.
ამ შემთხვევაშიც, ისინი გარე ნარატივზე აგებენ პიარ მოქმედებებს და დავალებებსაც ასე ახორციელებენ, თუ ვინმე გარედან დაათბობს ურთიერთობას, მის მიმართ იქნებიან მკაცრები, რბილად რომ ვთქვათ და ხშირად შეურაცხყოფასაც არ დაიშურებენ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
