ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ არ არის აუცილებელი არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფინანსების წყარო იყოს უცხოეთიდან შემოდინებული თანხები. როდესაც უცხოეთიდან თანხა შემოდის საქართველოში, ამ თანხის პატრონი ცდილობს საკუთარი მიზნების განხორციელებას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა გრანტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას.
„იყო ეს მიზნები კეთილი? იყო ეს მიზნები კარგი? 12% დასახელდა მგონი, მთელი ამ შემოდინებული 41 მილიონი დოლარიდან, რომელიც მართლაც მიზნობრივად რეალურად ხმარდებოდა რაღაც კეთილ მიზნებს. დანარჩენი ეს თანხები სად მიდიოდა? „კანვასის“ ტრენინგებში ხომ არ მიდიოდა შემთხვევით, ISFED- ის დაფინანსებაში ხომ არ მიდიოდა შემთხვევით, რომელიც აყალბებდა პარალელურ დათვლებს?! რადიკალებისთვის პიროტექნიკის შეძენისთვის და „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადებისთვის ხომ არ მიდიოდა ეს თანხების შემთხვევით?
ანუ ხომ შევთანხმდით ამაზე და ნათელია, რომ ფაქტია საქართველოში შემოდინებული უცხოური თანხები, გაუმჭვირვალედ დახარჯული, რადიკალიზმს და ქვეყანაში უბედურების მოხდენას ემსახურებოდა. რატომ არის პრობლემა, ან ვის რატომ უკვირს, რომ სახელმწიფომ თვითონ ძალიან გამჭვირვალედ დაადგინოს შესაბამისი კონკრეტული წესები, თუ როგორ შეიძლება ამა თუ იმ საზოგადოებრივმა თუ სამოქალაქო ორგანიზაციებმა მიმართონ ფონდს, წარადგინოს საკუთარი პროექტი და მიიღონ ის დაფინანსება, რომელიც ნამდვილად კეთილი მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.
სწორედ ამას ემსახურება გრანტების შესახებ კანონი და ამითაც კიდევ ერთხელ ჩანს, ვინც ამ გრანტების კანონს აპროტესტებს, კვლავ ძალიან დიდი შიმშილი აქვთ უცხოეთიდან შემოდინებული იმ თანხებისა, რომლითაც საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ ცდილობენ პროცესებში ჩართვას, ქვეყნის არევას და უბედურების მოხდენას“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
83 მომხრე, ნული წინააღმდეგი - პარლამენტმა, გრანტების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.