რადიკალები აღარ ერიდებიან, პირდაპირ, ღიად საუბრობენ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ, საკუთარ მოღალატეობრივ მისწრაფებებზე. ერთ შემთხვევაში მსჯელობენ იმაზე, საქართველოში, ქვეყნის შიგნით შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორ ჩამოაქციონ და გარედან მთელი ქვეყანა როგორ ჩამოაქციონ, ამაზეც არ აკლებენ მსჯელობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციამ თავის ამომრჩეველსაც, ვისგანაც მანდატი მიიღო, ზურგი აქცია და ცდილობენ არა ამომრჩევლის სურვილების რეალიზებას, არამედ მოქმედებენ ქვეყნის ფარგლებს გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად.

„ძალიან გაწბილებულები დარჩებიან. დამერწმუნეთ, უკვე გაწბილებული არიან. სწორედ ეს გაწბილება აძლევს ნიადაგს, რომ უკვე ასე პირდაპირ, ხალხის გასაგონად ხდება მათი სურვილებისა და სულისკვეთების გაჟღერება. ვერ ეღირსებიან ვერაფრის ჩამოქცევას. ერთადერთი, რაც შეიძლება ჩამოიქცეს და უკვე ჩამოქცეულია, არის მათი პოლიტიკური მდგენელი, მათი პარტია. არ ვიცი, პარტიაა, თუ რაც ჰქვიათ. საკუთარ ამომრჩეველსაც კი, ვინც ნდობა გამოუცხადა, მათ ზურგი აქციეს. ნდობა, რომელიც მანდატში იყო გამოხატული, ასე გაატანეს ქარს, ყოველ შემთხვევაში, სურვილი აქვთ, რომ გაატანონ ქარს. ქვეყნის მოსახლეობის და ამომრჩევლის სურვილების რეალიზება-განხორციელებას კი არ ცდილობენ, რა დავალებასაც მიიღებენ ქვეყნის ფარგლებს გარედან, ისე მოქმედებენ. ეს ჩამოაქცევს და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, უკვე ჩამოაქცია კიდეც რადიკალური ოპოზიცია და ამ ქვეყანაში ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს მისცა საშუალება, გაჩნდნენ და ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა ამ რადიკალიზმისგან დაიცალოს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.