უკრაინის ნატოში გაწევრიანების შანსი ნულის ტოლფასი იყო - აცხადებს ბორის ჯონსონი.
გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ 2016-იდან 2022 წლამდე ნატოს ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას ესწრებოდა, რომლებზეც საფრანგეთი, გერმანია და ამერიკა ყველა მსგავს შეთავაზებას ვეტოს ადებდა. მისივე თქმით, ნატოს წევრ მსხვილ ქვეყნებს უკრაინის გაწევრიანების სურვილი არ ჰქონდათ.
უკრაინის მიმართ უპასუხისმგებლობაზე საუბრობენ მმართველ გუნდში. პარლამენტის თავმჯდომარე 2022 წლის მოვლენებს იხსენებს, როდესაც წინასწარ დამოწმებული სტამბოლის შეთანხმება, რომელზეც უკრაინას ხელი უნდა მოეწერა, სწორედ ჯონსონის ჩასვლის შემდეგ ჩაიშალა. ახლა კი უკრაინა ბევრად უარესი მოცემულობის წინაშე დგას.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ჯონსონმა, რომელმაც წინასწარვე იცოდა პოზიციები, უკრაინელი ხალხი გაწირა, პარალელები კეთდება საქართველოს მიმართ მიმდინარე შანტაჟზეც.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, ეს ყველაფერი ამტკიცებს იმას, რომ ბორის ჯონსონმა უკრაინა თავიდანვე მოატყუა და უკრაინელი ხალი ხოცვა-ჟლეტისთვის გაწირა.
"ეს ყველაფერი ამტკიცებს იმას, რომ ბორის ჯონსონმა, ურცხვად მოატყუა ამხელა ქვეყანა - უკრაინა და უკრაინელი ხალხი გაწირა ამ ხოცვა-ჟლეტისთვის. ეს ამტკიცებს ჩვენი ხელისუფლების სიმართლეს, რომ დღემდე ვუძლებთ ჩვენ გაუგონარ საერთაშორისო ზეწოლას. დღემდე, საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს უსირცხვილო შანტაჟი სხვადასხვა აღიარების გამოყენებით, იქნება ეს ვიზალიბერალიზაცია, ევროინტეგრაცია თუ კიდევ სხვა იარაღით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ინსტრუმენტები უკვე გაცვდა და სიმწვავე დაკარგა", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
