ამნისტია მართვის ჩამორთმეულ მოწმობებზე. პრემიერის ინიციატივით, სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო, მოქალაქეებისათვის ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე, ფართომასშტაბიანი ამნისტია 1 იანვრიდან ცხადდება.
ამნისტია შეეხება პირებს, რომლებსაც მართვის მოწმობა ჩამოართვეს ალკოჰოლის მოხმარების, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკების მცირე ოდენობის შენახვა-მოხმარების ან ქულების განულების გამო. ამნისტია პირველი იანვრიდან ძალაში ეტაპობრივად შევა.
მაგალითად: ალკოჰოლის შემთხვევაში ამოქმედდება პირველი თებერვლიდან. ამნისტია არ გავრცელდება შემთხვევებზე, რომლებიც მძიმე ნარკოდანაშაულს ეხება ან როცა ავტოსაგზაო შემთხვევას ადამიანის დაზიანება ან გარდაცვალება მოჰყვა.
"1 იანვრიდან, პირებს, რომლებსაც მართვის მოწმობა ჩამორთმეული აქვთ ქულათა განულების გამო, მათ აღუდგებათ მართვის მოწმობა, ხოლო ალკოჰოლური სიმთვრალის შემთხვევაში, თუ ამის გამო აქვთ მათ ჩამორთმეული მართვის მოწმობა, პირველი თებერვლიდან აღუდგებათ შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მართვის შესაძლებლობა.
პირებს, რომლებსაც ნარკოტიკული საშუალება შეიძინეს ან მოიხმარეს, ისინი დინამიკური დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, როდესაც წარადგენენ ამ დასკვნას, ამ მომენტიდან შეეძლებათ დასხდნენ საკუთარ სატრანსპორტო საშუალებებზე. ამავდროულად, ეს იქნება ერთი მხრივ რამდენიმე ათასი ადამიანისთვის ხელშეწყობა, რომ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მათს ორის, შეიძლება ეკონომიკური საქმიანობისთვის ან სხვა საოჯახო საქმიანობისთვის სჭირდებოდათ გამოიყენონ. ამავდროულად, ეს იქნება გაფრთხილებაც, რადგანაც კანონპროექტის მეორე ნაწილის მიხედვით აღარ იქნება შესაძლებლობა, რომ მართვის მოწმობის ჩამორთმევის ვადის ნახევრის გასვლის შემდეგ, როგორც ეს მოქმედ რედაქციაში, პირებს შეეძლოთ მიემართათ საპატრულო პოლიციისათვის და შესაძლებელი იყო, რომ გარკვეული თანხის გადახდის ან მართვის მოწმობის გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში აღმდგენოდა მართვის მოწმობა, ასეთი რეგულაცია კანონში აღარ იქნება.
ჩემს მიერ ჩამოთვლილ შემთხვევის გარდა, დანარჩენ პირებს, ვისაც ჩამორთმეული აქვთ მართვის მოწმობა არ ეხებათ აღდგენა. მათ შორის, ესენი არიან ის პირები, რომლებსაც დიდ ან განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება შეიძინეს ან ფლობდნენ, გაასხვისეს, გაასაღეს, ამავდროულად არ შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც სატრანსპორტო საშუალების შედეგად სხვა პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას მიაყენეს ზიანი", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
