1 700 წლის წინ ჩატარებული ნიკეის პირველი საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს თანახმად, კაცობრიობის შემობრუნების საწყისი და ქრისტიანული მსოფლიოს ერთიანი რწმენის განმსაზღვრელი იყო. ილია მეორეს თქმით, ეს იყო კრება, საიდანაც საეკლესიო წესრიგი, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ახალი მოდელი შეიქმნა. ამ მოვლენიდან ზუსტად 1 წელში, როდესაც საქართველომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, პატრიარქი მიიჩნევს, რომ მაშინ დამტკიცდა, რომ ქვეყანას სამართლიანობის სწორი აღქმა და უმაღლესი იდეალების მიმართ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა აქვს. ახლა კი, როცა სამყარო სხვადასხვაგვარი გამოწვევითაა სავსე, ილია მეორე ამბობს, რომ ქართველმა ერთმა სიძლიერე უნდა შეინარჩუნოს, რაც მხოლოდ ქრისტიანული ღირებულებების დაცვასა და ერთიანობას ეყრდნობა.
საშობაო ეპისტოლეში, სადაც პატრიარქმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოყო, საუბარია გამოუსწორებელ შეცდომებზეც. ილია მეორე ამბობს, რომ ყველაფრის უფლების თავისუფლებასთან გაიგივება ხშირად გაუცნობიერებლად ხდება და თავად ადამიანს აზიანებს. სწორედ ამიტომ, პატრიარქი მოუწოდებს ყველას - აჩვენონ ადამიანობის მაგალითი და უყვარდეთ ერთმანეთი.
ილია მეორე ეპისტოლეში წერს, ადამიანის მცდარ, დამაზიანებელ სურვილებსა და მიდრეკილებებზეც, ერთ-ერთ ურთულეს გამოცდად კი სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენებას ასახელებს. კათოლიკოს-პატრიარქი ამბობს, რომ შექმნილ რეალობაში სირთულის დაძლევას მხოლოდ ის შეძლებს, ვინც სიმართლის გზას და ღირსეულ - პატიებით და მოთმინებით სვლას აირჩევს.
საშობაო ლიტურგიაზე მრევლს ქადაგებით მიმართა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე - მეუფე შიო მუჯირმა. მიტროპოლიტმა მაცხოვრის შობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ თითოეული ადამიანის სურვილი და გზა მხოლოდ მშვიდობა უნდა იყოს.
საშობაო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სადღესასწაულო მსახურების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა საქართველოს შობის დღესასწაული მიულოცა და პატრიარქის მთავარ გზავნილებზე გაამახვილა ყურადღება.
საშობაო ლიტურგიაზე, სადაც მრევლმა კათოლიკოს პატრიარქის ეპისტოლე მოისმინა, ილია მეორე, საქართველოსთან ერთად, მსოფლიოში არსებულ პრობლემებზეც საუბრობს. აქცენტს აკეთებს მშვიდობის მნიშვნელობაზე და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, დასრულდეს სისხლის ღვრა, ომი, პაექრობა ადამიანებს შორის, უიმედობა შური და ღვარძლი.
სამების საკათედრო ტაძარში, ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სინოდის წევრებთან ერთად ჩაატარა.
