Reuters-მა ახლო, აშშ-ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ, ქვეყნების მიხედვით გარდაცვლილების რაოდენობა გამოაქვეყნა.
რამდენი ადამიანი დაიღუპა ამ ომში?
ირანი
არაკომერციული ჰუმანიტარული ორგანიზაციის, ირანის "წითელი ნახევარმთვარის" მონაცემებით, ქვეყნის სამხრეთით, მინაბში, დაწყებით სკოლაზე ომის პირველ დღეს განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე 1 230 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 175 სკოლის მოსწავლე და თანამშრომელი იყო.
გაურკვეველია, დაღუპულთა სრულ რაოდენობაში შეტანილია თუ არა "ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის" დანაკარგები.
ირანის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ გასულ კვირას, შრი-ლანკის სანაპიროსთან ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ირანული სამხედრო გემი ჩაძირა, რის შედეგადაც, სულ მცირე 104 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა ეს რაოდენობა "წითელი ნახევარმთვარის" მონაცემებში შეყვანილი არ ყოფილა.
ლიბანი
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე 394 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 83 ბავშვია.
ისრაელი
სამხედროებმა სამხრეთ ლიბანში ორი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ განაცხადეს, რაც მათი პირველი მსხვერპლია მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, "ჰეზბოლასთან" ბრძოლა განახლდა.
ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის, Magen David Adom-ის ცნობით, 1 მარტს იერუსალიმის მახლობლად, ბეით შემეში 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 9 ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს შეეწირა.
ამერიკის შეერთებული შტატები
აშშ-ის სამხედრო სარდლობის ცნობით, ირანის წინააღმდეგ ოპერაციების დროს, 7 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
ერაყი
ერაყის პოლიციისა და ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა.
Reuters-ს პოლიციის წყაროებმა განუცხადეს, რომ 5 მარტს, ერაყში, ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფების - "ისლამური წინააღმდეგობის“ მეთაური მის მანქანაზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
სირია
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, 28 თებერვალს, ირანის მიერ გაშვებული რაკეტა სამხრეთ სირიის ქალაქ სუვეიდაში შენობას დაეცა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა.
სპარსეთის ყურის ქვეყნები
ქუვეითმა ხუთი გარდაცვალების შესახებ განაცხადა, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა - ოთხის, ხოლო საუდის არაბეთმა - ორის. ბაჰრეინმა და ომანმა კი თითო გარდაცვლილის შესახებ განაცხადეს.
