უკვე სამი საათია, საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე სასულიერო პირებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღასრულეს. ეს არის სინოდის პირველი შეკრება ილია მეორეს დაკრძალვის შემდეგ.
სხდომა მეუფე შიოს მოწვევით იმართება. საპატრიარქოს ინფორმაციით, განიხილება საორგანიზაციო საკითხები, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. იმსჯელებენ გაფართოებული კრების დეტალებზეც, რომელზეც ახალი პატრიარქი უნდა აირჩიონ.
სინოდის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთეს სასულიერო პირებმა.
ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: "განვიხილავთ ამ საკითხებს სინოდის სხდომაზე და როცა დამთავრდება, მოგიყვებით ყველაფერს. სულ რაღაც 2-3 საათი დასჭირდება ამ ყველაფერს - ყველაფერს გეტყვით მერე."
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონ იარაჯული: "საორგანიზაციო საკითხებს და პროცედურულ საკითხებს შეეხება სხდომა. რაც შეეხება ასაკს და განათლების [საკითხს], თუ ამაზე იქნება მსჯელობა, მე მაქვს ჩემი პოზიცია. 60 და 70 წელია სწორედ ის ასაკი პატრიარქისთვის, - მთავარია ფუნქციონირებდეს და მუშაობდეს სისტემა, თორემ პატრიარქი ნამდვილად უნდა იყოს იმ ასაკის - ყველაფერს თავის რომ დავანებოთ, ფსიქოლოგიურად, ჩვენ უნდა ვაპატრიარქოთ იგი."
