გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ პირებს მოსამართლე რამდენიმე წუთში სასჯელს განუსაზღვრავს. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, 5 აპრილს, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ბრალად წარდგენილ სამივე მუხლში დამნაშავედ იქნენ ცნობილი.

კერძოდ კი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში. დღეს კი იმართება სასჯელის განმსაზღვრელი სხდომა, სადაც ცნობილი გახდება რამდენწლიანი პატიმრობა შეეფარდებათ დაკავებულებს.

გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის განმარტებით, პროკურატურამ სრულად და ზუსტად მიიტანა სათქმელი სასამართლომდე და სჯერა, რომ ბრალდებულებს მაქსიმალურ სასჯელს მიუსჯიან.

"მე ვფიქრობ, რომ პროკურატურამ სრულად და ზუსტად მიიტანა სათქმელი სასამართლომდე. მჯერა მოსამართლის გონიერების და ველოდები მაქსიმალურ სასჯელს ველოდები შესაბამის ბრალში. თუმცა აქვე მინდა გითხრათ ის, რომ ადამიანურად მე მთლად ობიექტური ვერ ვიქნები, ვარ სუბიექტური. ამ არასრულწლოვნებმა ჩემთვის დედამიწა გააჩერეს, წლების სიუხვე არაფერს არ შემიცვლის, მაგრამ მე ვარ კანონმორჩილი ადამიანი, ეს არის ჩემი სახელმწიფოს კანონმდებლობა და ვემორჩილები მას", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.