საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიესალმა ირანის გადაწყვეტილებას ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ და მას "სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი" უწოდა.

ამასთან, მაკრონის განცხადებით, მომავალ კვირას ლონდონში გაიმართება შეხვედრა, სადაც ჰორმუზის სრუტეში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

"ჩვენ, ყველანი, მოვუწოდებთ ყველა მხარეს ჰორმუზის სრუტის დაუყონებლივ, უპირობო და სრულად გახსნისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ აღდგეს ომამდე არსებული თავისუფალი გადაადგილების პირობები და საზღვაო კანონების სრული დაცვა მოხდეს", - განაცხადა მაკრონმა.

"ჩვენ, ყველანი ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ შეზღუდვას ან შეთანხმებების სისტემას, რომელიც ფაქტობრივად სრუტის პრივატიზაციის მცდელობას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ასევე ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი გადასახადების სისტემის დაწესებას", - დასძინა მაკრონმა.

ცნობისათვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტე კომერციული გემებისთვის გაიხსნა.

აბას არაღჩი, გადაწყვეტილებას ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უკავშირებს და  იმ მარშრუტებზეც საუბრობს, რომლითაც გემები ისარგებლებენ.