საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის შექმნასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაცია გაჟღერდა. მისი თქმით, სამეცნიერო კვლევითი მიზნებისთვის, მნიშვნელოვანი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება.
პრემიერის თქმით, გადაწყვეტილება ქვეყნისთვის სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული.
"მოვისმინეთ სპეკულაციები, თუმცა არაფერია სასპეკულაციო, არის კონკრეტული ინტერესები ორი მიმართულებით. პირველი, რაც შეეხება ობსერვატორიას, მიმართვაც იყო ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სამეცნიერო კვლევითი მიზნებისთვის, მნიშვნელოვანი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. ეს შედის ობსერვატორიის ინტერესებში, რომელსაც აქვს საქართველოში არსებობის ძალიან დიდი ტრადიციები და ძალიან მნიშვნელოვანი კვლევითი ორგანიზაციაა ჩვენთვის და შესაბამისად, მისი მხარდაჭერა არის ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. ასევე, კურორტის განვითარებისთვისაც არის მნიშვნელოვანი და არსებობს შესაბამისი პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში, შესაბამისად, ორი ძალიან მყარი საფუძველი არსებობდა იმისათვის, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულიყო, რაც უკავშირდება ფრენის მარშრუტებს და არავითარ ზიანს ეს ქვეყანას არ აყენებს. პირიქით, სწორედ ქვეყნისთვის სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული ეს გადაწყვეტილება", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
