წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ (ფაჩუაშვილმა) მედიასთან კენჭისყრის პროცესზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩია.
"დებულების მიხედვით დასახელდნენ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო კანდიდატი. ასეთი, დაახლოებით, 10-12 ადამიანი იყო, რომელთაც შეიძლებოდა კენჭისყრაში შეეძლოთ მიეღოთ მონაწილეობა. ბოლოს დარჩა 6 ადამიანი - მეუფე შიო, მეუფე იობი, მეუფე გრიგოლი, მეუფე გრიგოლ(კაცია), მეუფე მელქისედეკი, მეუფე დოსითეოსი. მეუფე დანიელსა და მეუფე ისაიას რაც შეეხება, საუბარი იყო მიზეზებზე, ერთი ასაკობრივი შეზღუდვა და მეორე, დიპლომის საკითხი. ამაზე იყო ძალიან სერიოზული მსჯელობა, კამათი, ბოლოს კენჭისყრაზე დადგა ეს საკითხი და კრებამ გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი არ განიხილოს.
თითოეული ეპისკოპოსის სახელს კითხულობდნენ, მივდიოდით საარჩევნო მაგიდასთან და გვაძლევდნენ ბიულეტენს, რომელიც არის ცარიელი ფურცელი, სრულებით ცარიელი ფურცელი, ერთადერთი ამ ფურცელზე ბეჭედი იყო დასმული. ამ ფურცელზე უნდა დაგეწერა სახელი, ვის აძლევ ხმას. აწერ ამ ფურცელს, კეცავ, დებ კონვერტში და შემდეგ აგდებ შუშის ყუთში ყველას თვალწინ. ამის შემდეგ, ხმის დამთვლელი კომისია ამ ყუთს ხსნის, შემდეგ ერთ-ერთი კომისიის წევრი სათითაოდ კითხულობს, მეორე უკვე წაკითხულ ფურცელს გადახევს, რადგან მეორედ გამოყენებული არ იყოს, ბოლოს კი ეს ბიულეტენები იწვება, პირდაპირ იმ ოთახში დაიწვა, სადაც ვიყავით," - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
კითხვაზე, შეინარჩუნებს თუ არა მეუფე შიო იმავე რაოდენობის მხარდაჭერას, რაც დღეს მიიღო, მეუფე ნიკოლოზი პასუხობს: "მე ვფიქრობ, რომ შეიძლება მეტი ხმაც კი მიიღოს. უკვე გასაგებია ღვთის ნება, ცხადია. იმ კანდიდატებმა 20-ზე მეტი ხმა მიიღოს, ძნელი სათქმელია."
შეგახსენებთ, წმინდა სინოდმა დღვანდელ კრებაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოარჩია:
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)
რუის-ურბნისის მიტროპოლიტი, მეუფე იობი (აქიაშვილი)
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)
კენჭისყრის შედეგად, კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.
