სამოქალაქო ომზე გვაფრთხილებენ ისინი, ვისი დაფინანსებითაც მოქმედებენ ეკლესიაზე, სახელმწიფოზე და ადამიანის ღირსებაზე თავდამსხმელი ჯგუფები, - წერს  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით.

პაპუაშვილის თქმით, ბნელ წარსულზე ისინი ესაუბრებიან ქართულ საზოგადოებას, ვინც ცდილობს გაამართლოს რეჟიმი, რომლის დროსაც ადამიანის უფლებების დარღვევა და წამება სახელმწიფო პოლიტიკად იყო ქცეული.

"მართალია, ბატონ ელჩს ქართველი ხალხის წარსული ბნელად ეჩვენება, თუმცა თუ ჩვენს ისტორიაში რამე მართლაც იყო ბნელი, ეს იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა "ჩახუტებით გავეგუდეთ". ასე იყო უწინ. ასეა დღესაც.

- გვესაუბრებიან ისინი, ვინც თავად წააქეზა 4 ოქტომბრის ძალადობა.

- სამოქალაქო ომზე გვაფრთხილებენ ისინი, ვისი დაფინანსებითაც მოქმედებენ ეკლესიაზე, სახელმწიფოზე და ადამიანის ღირსებაზე თავდამსხმელი ჯგუფები.

- სიღარიბეზე გვმოძღვრავენ ისინი, ვინც რუსეთთან სანქციების ომში გვითრევენ და ეკონომიკის ნგრევისთვის და სიღატაკისთვის გვწირავენ.

- ბნელ წარსულზე გველაპარაკებიან ისინი, ვინც სიცრუითა და მზაკვრობით ცდილობენ გაამართლონ რეჟიმი, რომლის დროსაც ადამიანის უფლებების დარღვევა და წამება სახელმწიფო პოლიტიკად იყო ქცეული", - წერს შალვა პაპუაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, ქართველი ხალხი თავად წყვეტს საკუთარ ბედს, იცავს ღირებულებებს, რაც 2024 წელსაც გამოჩნდა.

"რაც შეეხება ქართველ ხალხს, მისი ნამდვილი სახე მკაფიოდ გამოჩნდა 2024 წელს. ეს არის ხალხი, რომელიც თავად წყვეტს საკუთარ ბედს, იცავს საკუთარ ღირებულებებს და არ თმობს საკუთარ გზას", - წერს შალვა პაპუაშვილი.