ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჰამიდ-რეზა ჰაჯი ბაბაეიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ჰორმუზის სრუტის გადასახადის ამკრეფი სისტემიდან პირველი შემოსავალი მიიღო - ამის შესახებ CNN-ი Tasnim-ზე დაყრდნობით წერს.

მედიის ინფორმაციით, გასულ თვეში, ირანის პარლამენტის უსაფრთხოების კომისიამ დაამტკიცა გეგმა, რომელიც სრუტეში გამავალ გემებზე გადასახადის დაწესებას ითვალისწინებდა, რამაც საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, საზღვაო სამართლის ექსპერტებისა და აშშ-ის ოფიციალური პირების მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია.

"ეს არა მხოლოდ უკანონოა, არამედ მიუღებელია, ეს საშიშია მთელი მსოფლიოსთვის და მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ჰქონდეს ამის საწინააღმდეგო გეგმა", - განაცხადა მაშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, თეირანის მიერ გადასახადის სისტემის შექმნის მცდელობებზე საუბრისას.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზღვაო გზით გადაზიდვები, რომელიც, როგორც წესი, მსოფლიოს ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მეხუთედს ატარებს, კვლავ მკაცრად შეზღუდულია. ეს გამოწვეულია ირანის პორტების საზღვაო ბლოკადით და რეგიონში გემებზე ბოლოდროინდელი თავდასხმებითა და დაკავებით.