ევროკავშირის ელჩის განცხადებებს მმართველი გუნდი ღია მუქარად აფასებს.
პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ ბნელ წარსულს, სამოქალაქო ომს და სიღარიბეს დაუბრუნდება. ელჩმა ეს განცხადება ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გააკეთა, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა "საქართველო ფოკუსში" გაიხსნა.
"ქართულ ოცნებაში" ელჩის მხრიდან მუქარასა და შანტაჟზე საუბრობენ.
"ეს არის მუქარა - თუ არ იქნებით ჩვენი ნების აღმსრულებლები, მაშინ შეგვიძლია, ჩვენ ცუდი გაგიკეთოთო, ამას გეუბნება ევროკავშირი. როგორ არის ეს მშვიდობის, თანასწორობის და აყვავების გზა?
აქ ისეთი მოვლენები უნდა განვითარდეს, რომ სახელმწიფო ჩამოიქცევა და იმ ბნელეთში აღმოჩნდებით, ალბათ, რა ბნელეთიც, 90-იანი წლების დასაწყისში განვითარებული სამოქალაქო თუ რუსეთის ფედერაციასთან არსებული დაპირისპირებების და ომების დროს იყოო. სხვანაირად ეს ბნელეთი საქართველოს ისტორიაში, თუ ჯალალედინს არ გავიხსენებთ, ასე არ უკავშირდება. ამიტომ, ეს ელჩის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით ხედვის გაბანკროტებაა. საქართველოსთან მიმართებით საკუთარ ქმედებაში პოზიტივი დაინახონ და არა ულტიმატუმით და ნეგატივით საუბარი.
საქართველოს პარლამენტის დესტრუქციას და სახელმწიფო გადატრიალებას მხარი დაუჭირეს. აქედან გამომდინარე, ის მიზანი, რა მიზანზეც ლაპარაკობს, მათივე პოლიტიკური თუ სხვა ქმედებით ტორპედირებულია," - აღნიშნა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
