ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი სომხეთს რეკომენდაციას აძლევს, მიიღოს ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა.
“სომხეთმა უნდა მიიღოს ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული ჩარჩო. ეს მოიცავს:
ეფექტიან მანდატსა და რესურსებს ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, როგორც თანასწორობის ორგანოსთვის; სამართლებრივ სიცხადეს ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით; სიძულვილის ენის წინააღმდეგ მოქმედებას,” - წერს კომისარი X-ზე.
ო’ფლაერტის მიერ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ კომისარმა პრემიერ-მინისტრს შესთავაზა, გამოეყენებინა შესაძლებლობა და შეექმნა ძლიერი ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და მრავალფეროვანი საზოგადოების საჭიროებებს. ეს უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ევროპის საბჭოსთან კონსულტაციით.
"კომისარმა ო’ფლაერტიმ ხაზი გაუსვა რამდენიმე საკითხს, რათა მომავალი კანონი სრულად შეესაბამებოდეს ევროპის საბჭოს სტანდარტებს. მნიშვნელოვანია, ადამიანის უფლებათა დამცველს მიენიჭოს მკაფიოდ განსაზღვრული მანდატი, როგორც თანასწორობის ორგანოს, კომპეტენციებით, უფლებამოსილებებითა და რესურსებით, რომლებიც აუცილებელია დისკრიმინაციასთან ეფექტიანი ბრძოლისა და თანასწორობის ხელშეწყობისთვის.
სხვა საკითხები მოიცავს: სამართლებრივი სიცხადის უზრუნველყოფას ლგბტ პირთა უფლებების დაცვაში; ორგანიზაციებისთვის ლეგიტიმური ინტერესის მქონე პირებისთვის დისკრიმინაციის წინააღმდეგ საქმეების აღძვრის ან ჩარევის შესაძლებლობას; და სიძულვილის ენის საკითხის მოგვარებას.” - აღნიშნულია ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
