ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური წნეხის გაძლიერებაზე საუბრობს. დონალდ ტრამპის განცხადებით, ძალაში შედის მასშტაბური საზღვაო ბლოკადა, რომლის მიზანიც თეირანისთვის ნავთობის რეალიზაციის სრული აღკვეთაა.
"ალბათ გსმენიათ, რომ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ვითარება პოზიტიურად ვითარდება. ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო რამ ხდება – ამერიკა საგრძნობლად გაძლიერდა".
"ვიტყოდი, რომ მდგომარეობა სტაბილურია, ირანის სამხედრო პოტენციალი კი – განადგურებული",
"ხვალ, დილის 10:00 საათიდან, ძალაში შედის ბლოკადა. ამ პროცესში სხვა ქვეყნებიც აქტიურად თანამშრომლობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ირანი ნავთობის რეალიზაციას ვეღარ შეძლებს".
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს. უამრავი ხომალდი მოემართება ჩვენი ქვეყნისკენ ნავთობით დასატვირთად. შესაბამისად, ისინი ჰორმუზის სრუტეს აღარ გაივლიან. საბოლოო ჯამში, ეს საკითხი მოგვარდება".
"ვფიქრობ, ირანი უმძიმეს მდგომარეობაშია. ისინი სასოწარკვეთილნი არიან. გვქონდა შეხვედრა, რომელიც 21 საათს გაგრძელდა. სიტუაციას ყველაზე უკეთ ჩვენ ვაკონტროლებთ".
"იცოდეთ: ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. არასოდეს! გამორიცხულია, მათ ამის შესაძლებლობა მიეცეთ. მათ კვლავ სურთ მისი მოპოვება, რაც გასულ ღამეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს, თუმცა ვიმეორებ – ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება", - აცხადებს დონალდ ტრამპი.
ტრამპმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების რუსეთისგან დასაცავად აშშ ტრილიონობით დოლარს ხარჯავს. პრეზიდენტის თქმით, ეს გადახედვის საგანი გახდება.
"მოგეხსენებათ, ჩვენ ტრილიონობით დოლარს ვხარჯავთ ნატოზე, რათა რეალურად რუსეთისგან თავდაცვაში დავეხმაროთ — თუ დაფიქრდებით, ჩვენ მათ სწორედ რუსეთისგან ვიცავთ. დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად აბსურდულია, მიუხედავად ამისა, ჩვენ ამაში ტრილიონებს ვდებთ. ვფიქრობ, ეს საკითხი ძალიან სერიოზული გადახედვის საგანი გახდება", - ამბობს ტრამპი.
