კვლავ უკიდურესად დაძაბული რჩება ვითარება ჰორმუზის სრუტეში. ირანი მსოფლიოს უმსხვილეს ენერგეტიკულ დერეფანს ბლოკავს, რომელზეც ნავთობის გლობალური ბრუნვის 20%-ზე მეტი მოდის.

"ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" ადასტურებს, რომ მათმა ძალებმა ორ სამოქალაქო გემზე იერიში მიიტანეს. საუბარია ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ, ისრაელის კუთვნილ ხომალდსა და ტაილანდურ სატვირთო გემზე.

ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით, ნებისმიერმა ხომალდმა სრუტეში შესვლამდე ნებართვა თეირანისგან უნდა აიღოს. ამავდროულად, ირანის შეიარაღებული ძალების შტაბი "კანონიერ სამიზნედ" აცხადებს აშშ-ის, ისრაელისა და მათი მოკავშირეების კუთვნილ ყველა მცურავ საშუალებას.

პარალელურად, ტელეკომპანია"სი ენ ენი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნავთობის ფასმა ბარელზე კვლავ 100-დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა. ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად, 30-ზე მეტი ქვეყანა - მათ შორის შეერთებული შტატები, შეთანხმდა, რომ სტრატეგიული რეზერვებიდან ბაზარზე 400 მილიონ ბარელ ნავთობს გამოიტანენ.