ახალი კვლევის თანახმად, აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ, ვაშინგტონს მხოლოდ პირველი 100 საათის განმავლობაში 3.7 მილიარდი დოლარი, ანუ დღეში თითქმის 900 მილიონი დოლარი დაუჯდა, რაც ძირითადად საბრძოლო მასალებზე დიდი ხარჯებით არის გამოწვეული, - წერს al jazeera.
ვაშინგტონში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის, "სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის" (CSIS) ანალიზმა ხაზი გაუსვა ომის კოლოსალურ ხარჯებს, რომელიც მეშვიდე დღეა გრძელდება. ანალიტიკური ცენტრის ცნობით, აშშ ირანს უჩინარი ბომბდამშენებითა და მოწინავე შეიარაღების სისტემებით უტევს, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
მკვლევრებმა მარკ კანსიანმა და კრის პარკმა განაცხადეს, რომ ომის პირველი 100 საათის განმავლობაში დახარჯული 3.7 მილიარდი დოლარი - ანუ დღეში 891.4 მილიონი დოლარი ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო, ხოლო ხარჯების დანარჩენი ნაწილი - 3.5 მილიარდი დოლარი - გათვალისწინებული არ ყოფილა.
მათი თქმით, ეს ნიშნავს, რომ პენტაგონს, სავარაუდოდ, მალე დასჭირდება დამატებითი დაფინანსების მოთხოვნა დაუგეგმავი ხარჯების დასაფარად, რაც, სავარაუდოდ, ტრამპის ადმინისტრაციისთვის პოლიტიკურ პრობლემად იქცევა და "ომის წინააღმდეგობის ცენტრალურ წერტილს“ შექმნის.
მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა თავისი ოპერაციების შესახებ მხოლოდ შეზღუდული ინფორმაცია გამოაქვეყნა და განაცხადეს, რომ მათი ანალიზი ეფუძნებოდა კონგრესის ბიუჯეტის ოფისის (CBO) მიერ თითოეული დანაყოფის ოპერაციული და დამხმარე ხარჯების შეფასებებს, რომელიც ინფლაციისა და დანაყოფის ზომის გათვალისწინებით არის კორექტირებული. ასევე, ითვალისწინებს "უფრო მაღალი ოპერაციული ტემპით“ გამოწვეული ხარჯების 10%-ის დამატებას.
მათი ანალიზის თანახმად, აშშ-მ ომის პირველი 100 საათის განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის 2000-ზე მეტი საბრძოლო მასალა დახარჯა და ითვლება, რომ საბრძოლო მასალის მარაგების შევსება შედარებით ერთეულებში 3.1 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება, ხოლო ხარჯები დღეში 758.1 მილიონი აშშ დოლარით გაიზრდება.
