აზიას გარისკვა არ უნდა - რეგიონი ნავთობის 60%-ით ახლო აღმოსავლეთიდან მარაგდება. ამიტომ, ენერგიის ფასების ზრდასთან ერთად, ის შესაბამის ზომებს იღებს. აზიის ქვეყნებმა, ენერგო რესურსების ეკონომიის მიზნით, სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები შემოიღეს, - იუწყება CNN-ი.
ბანგლადეშში, ბენზინგასამართ სადგურებთან გრძელი რიგები იქმნება, რადგან ხელისუფლება მარაგებს ზღუდავს. ენერგიის დაზოგვის მიზნით, უნივერსიტეტებიც კი დაიხურა.
ინდოეთმა საგანგებო უფლებამოსილებები დააწესა, რათა თხევადი გაზი სამრეწველო მომხმარებლებიდან ოჯახებზე გადამისამართდეს.
პაკისტანმა დააწესა მკაცრი ზომების სერია, სკოლების დახურვიდან დაწყებული მომსახურების ონლაინ რეჟიმში გადატანით დამთავრებული.
ამასობაში, სამხრეთ კორეა, 30 წლის განმავლობაში პირველად, საწვავის ფასზე ლიმიტს აწესებს, რადგან ის ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით ალტერნატიული ენერგიის წყაროებს ეძებს.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩინეთი აჩქარებს ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ამავდროულად ყურადღებას განახლებად ენერგიაზე ამახვილებს.
გარდა ამისა, ვიეტნამი მოუწოდებს კომპანიებს, დისტანციური მუშაობა წაახალისონ.
ტაილანდში სამთავრობო უწყებების თანამშრომლებს დაევალათ ენერგიის დაზოგვა საზღვარგარეთ მოგზაურობის შეჩერებით და დისტანციურ მუშაობაზე გადასვლით.
ფილიპინები თანამშრომლებს მოუწოდებენ, ვირტუალური შეხვედრები გამართონ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ზოგიერთმა სამთავრობო უწყებამ დროებითი ოთხდღიანი სამუშაო კვირა დანერგა, სადაც კონდიციონერის ტემპერატურა მინიმუმ 24°C-ზე იქნება დაყენებული.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ თუ შეფერხებები გაგრძელდება, სურსათისა და სასუქის ფასები მკვეთრად გაიზრდება, რაც განსაკუთრებით მძიმე დარტყმას მიაყენებს რეგიონის დაუცველ ეკონომიკებს.
