აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამშაბათს დამცინავად განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დაჰპირდა, რომ მკვეთრად გაზრდიდა მედიკამენტებზე ფასებს საფრანგეთში.
ტრამპის თქმით, ამაზე მაკრონი მას შემდეგ დათანხმდა, რაც მას ტრამპი სავაჭრო სანქციებით დაემუქრა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, თავდაპირველი უარის შემდეგ, ფრანგი კოლეგა მის მოთხოვნებს გადასახადების გაზრდის მუქარის ქვეშ საბოლოოდ დათანხმდა და თქვა: "ეს დიდი პატივი იქნებოდა. როგორც გინდა დონალდ, ოღონდ გთხოვ, ამაზე საჯაროდ ნუ ისაუბრებ".
მედიის ინფორმაციით, განცხადება დაძაბულობის გამწვავების ფონზე გაკეთდა, რადგან ვაშინგტონი ითხოვს ფარმაცევტული ფასების გლობალურ რესტრუქტურიზაციას ამერიკული ბაზრის სასარგებლოდ.
საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბრის აღწერისას, დონალდ ტრამპმა თავისი თანამოსაუბრე ისე წარმოაჩინა, რომ მან სრულიად შეცვალა საკუთარი პოზიცია. ტრამპის თქმით, ემანუელ მაკრონმა თავდაპირველად კატეგორიული უარი თქვა, ისევე როგორც სხვა მსოფლიო ლიდერებმა.
"ზოგი მტკიცე იყო, ზოგი ძალიან კეთილი, ზოგი უხეში. მაგრამ ყველამ ერთი და იგივე თქვა: "არა, ჩვენ ამას არ ვაპირებთ", - თქვა ტრამპმა. თუმცა, ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ ლიდერებს, სავაჭრო ტარიფების აწევის მუქარის შემდეგ დასათანხმებლად მხოლოდ "საშუალოდ 3.2 წუთი" დასჭირდათ.
ტრამპის მტკიცებით, მაკრონმა შემდეგი სიტყვები უთხრა: "დონალდ, ეს შეთანხმებაა. სიამოვნებით გავზრდიდი წამლების ფასებს 200 პროცენტით. ეს დიდი პატივი იქნებოდა. როგორც გინდა, დონალდ".
