სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 4 ეპიზოდზე წარუდგინა. მათ შორის არის ქოლცენტრების მფარველობა და, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება.

დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, გრიგოლ ლილუაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ არ იცის, რა საქმესთან დაკავშირებით დაინტერესდა პროკურატურა.

"დაკავებული არ ვარ, ჯერჯერობით. როცა დამიბარეს, მოვედი. ეტყობა, რაღაც დეტალები აინტერესებთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. არ ვიცი, რა საქმეა, ჩვენება არ მიმიცია არასოდეს. პირველად ვარ. როგორც დღეს გაიგეთ, ისე გაიგებდით აქამდეც. ღვთის ნებაა ყველაფერი, ვერაფერს ვერ გამორიცხავ," - აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი.

ცნობისთვის, დანაშაული 11-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ლილუაშვილის დაკავების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გააკეთა.