ორმაგ სტანდარტად და საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებად აფასებენ თბილისში ინფორმაციას, რომ ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებების საწარმოებლად სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის შექმნას განიხილავს.

"პოლიტიკოს" ინფორმაციით ევროპული ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთისა და იტალიის მთავრობები, წნეხს ახდენენ ევროკავშირზე, რათა შექმნან მომლაპარაკებლის თანამდებობა, რომელიც რუსეთთან უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებში მათ პოზიციას გააჟღერებს. ამ გეგმის მომხრეებმა, მათ შორის, საფრანგეთმა და იტალიამ ევროკომისიის და სხვა ქვეყნების მხარდაჭერა უკვე მოიპოვეს.

საკითხზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

"ის ძალადობა და ძალმომრეობა, რაც საქართველოზე ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობს, სადაც ჩვენს ქვეყანას, პრაქტიკულად, დაპირისპირებისკენ უბიძგებდნენ ის ადამიანები და პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დღეს რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ, ეს ყველაფერი ერთ რამეს მეტყველებს, იყო საქართველოს მიმართ არაჯანსაღი ინტერესი და ეს არაჯანსაღი ინტერესი გამომდინარეობდა იქიდან, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო კიდევ ერთი პროქსი-ქვეყანა იმისთვის, რომ რუსეთის გარშემო ცეცხლის რკალი შექმნილიყო, ხოლო ქართველი ხალხის ბედ-იღბალი არავის აინტერესებდა, ქართული სახელმწიფოს არსებობა-არ არსებობის საკითხი რომ დადგებოდა დღის წესრიგში, არც ეს აღელვებდათ ძალიან“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.