დემონსტრაციების ჩახშობის ფონზე, ირანთან დიპლომატიური მოლაპარაკებების პროცესი შეაჩერა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. დონალდ ტრამპმა მომიტინგეებს სამთავრობო შენობების აღებისკენ მოუწოდა და მხარდაჭერა აღუთქვა.

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი ზომების მიღება იგეგმება. ამ წუთებში, ტრამპი თეთრ სახლში ეროვნული უშიშროების გუნდთან ერთად შეხვედრას ატარებს, სადაც განიხილავენ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შესაძლო ქმედებების ვარიანტებს.

ირანი ტრამპს თავის მხრივ საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს. გაეროში ისლამური რესპუბლიკის ელჩმა გენერალურ მდივანს, უშიშროების საბჭოს და ყველა წევრ სახელმწიფოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებებზე რეაგირებისკენ მოუწოდა. ირანის პოზიციით, განცხადებები ძალის გამოყენების მუქარაა და ირანის შიდა საქმეებში ჩარევა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი ღიაა სამართლიანი მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ასევე - "სრულად მზადაა ომისთვის".