შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით 5 პირი სხვადასხვა დროს დააკავეს.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება, ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: „ჰეროინი“, „ამფეტამინი“, „მეთადონი“, „მდმა“, „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“, გამომშრალი „მარიხუანა" და ფსიქოტროპული ნივთიერება - „პრეგაბალინი“.
ერთ-ერთი დაკავებულისგან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ასევე, ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო მასლა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 261-ე, 262-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
