პირველ რიგში, მადლობა გაქვთ გადასახდელი უმრავლესობის თითოეული წევრისთვის, რომ მოგეცით უფლება, საერთოდ აქ რომ სხედხართ. მაგრამ, ასევე გახსოვდეთ მკაფიოდ და ნათლად, რომ ჩვენ პატივი ვეცით იმ ამომრჩეველს, რომელსაც თქვენ არჩევნებამდე ატყუებდით, თითქოს, რაიმე განსხვავებულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდით და არ წარმოადგენდით იმ ძალას ["ნაციონალურ მოძრაობას"] და არ ასრულებდით დაკვეთას, რაც საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, "გახარია -საქართველოსთვის" დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტის პლენარულ სხდომას პირველად ესწრებიან.
კირცხალიას განმარტებით, ეს გახარიას პარტიის რეიტინგზეც აისახა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, მკვეთრად შემცირდა.
"ეს გამოჩნდა ერთი წლის თავზე ძალიან კარგად - სად იყავით, შეხედეთ თქვენს რეიტინგს საპარლამენტო არჩევნებზე და შეხედეთ თქვენს რეიტინგს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. გახსოვდეთ, რომ ჩვენ, მოსახლეობას ვეცით პატივი, ვინც თქვენი მხრიდან მოტყუებით მოგცათ ხმა, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ერის წინაშე," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
მისივე თქმით, "გახარია - საქართველოსთვის" მიჯაჭვულობა "ნაციონალურ მოძრაობაზე", ყველასთვის ნათელი გახდა მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, პარტიამ ბრიუსელში გასაგზავნ მოღალატეობრივ წერილს მოაწერა ხელი.
"რაც შეეხება თქვენს მიჯაჭვულობას "ნაციონალურ მოძრაობაზე", რაც უნდა თავი იმართლოთ, რომ არ ხართ მათი იდეის მომხრე და არ ხართ ერთი ძალა - საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე, რამდენიმე დღეში დაამტკიცეთ და დაუმტკიცეთ თქვენს ამომრჩეველსაც, როდესაც ხელი მოაწერეთ იმ მოღალატეობრივ წერილს, რომელიც ბრიუსელში გაიგზავნა, სადაც ითხოვდით თქვენი ქვეყნის და თქვენი ამომრჩევლის დასჯას. ეს არის თქვენი და თქვენი ლიდერის ნამდვილი სახე. ერთი გახსოვდეთ, რომ დღეიდან, სამი წლის განმავლობაში, მოგიწევთ ყოველდღე თავის მართლება, რომ თქვენ არ ხართ "ნაცები" და არ ხართ მათი იდეების გამზიარებლები." - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
