"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ხაბეიშვილის საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, რის გამოც, დღევანდელ სხდომაზე მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ლევან ხაბეიშვილმა, რომელმაც თქვა, რომ ბრალდებას არ ეთანხმება.

პოლიტიკოსის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს. ესენია უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საჯაროდ მოწოდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილი არის ბოროტი მასხარა.

"ლევან ხაბეიშვილი არის ბოროტი მასხარა, რომელსაც შეუძლია, წაიღოს საკუთარი სიტყვები უკან, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ აქვს გაცხადებული დამხობა! თუმცა მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობებისგან თავის დაძვრენა უნდა, მას შეუძლია, რომ ეს უარყოს.

ის ასევე არის ბოროტი მასხარა, რომელსაც შეუძლია, რომ მავნებლობა ჩაატაროს და განახორციელოს, თუ მას შესაბამის წინააღმდეგობას არავინ გაუწევს,"- აცხადებს ნინო წილოსანი.