ოპოზიციურ ალიანში დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად უთანხმოების მიზეზი პარლამენტის ბოიკოტის საკითხი გახდა. "ახალის" ლიდერი კოლეგა პარტიებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მანდატებზე უარის თქმას მას აბრალებენ, გვარამია ოპოზიციის ორმაგ სტანდარტზეც საუბრობს.

"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ რომ ოპოზიციის გაერთიანებას პერსპექტივა არ გააჩნია. პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა თუ რა სახელწოდება ექნება ოპოზიციურ ერთობას, რადგან მათი გაერთიანება კვლავ "კოლექტიური ნაცმოძრაობად" მოიაზრება.

"განსხვავებული მრწამსის, ღირებულების, დაფინანსების მქონე ხალხის ერთად შეკრება, რომელიც ახლა დაუკვეთა ახალმა პატრონმა, ყოველთვის ამ შედეგს მისცემს. ჩვენ ვამბობდით მაშინაც და ახლაც ვამბობთ, რომ ეს არის ხელოვნური გაერთიანება, სადაც პატრონი უკვეთავს ერთ რამეს, რომ ამ ქვეყანაში იყოს ქაოსი, არეულობა, დაძაბულობა და არც ერთი პარტია არ ითვალისწინებს ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. ამიტომაც არიან იქ, სადაც ახლა არიან. აბრალონ ერთმანეთს ვისი ბრალია და ვინ მოუწყო ერთმანეთს პროვოკაცია. გინდა 8 კაციანი გაერთიანება შეუქმნიათ, ჩვენთვის "ნაცი" არის "ნაცი". რაც არ უნდა სახელი დაირქვან, ეს არის "კოლექტიური ნაცმოძრაობა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.