თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, ოპოზიციაში დაპირისპირების მიზეზია "გორბის" კვლევაცაა. "ნაციონალურ მოძრაობა" შედეგებს არ ენდობა, თუმცა პარტიაში მაინც აქვთ კითხვები, რატომ არის რეიტინგში მეორე და მესამე ადგილზე "ლელო" და გახარიას გუნდი. "ქართული ოცნების" შეფასებით, საზოგადოებრივი აზრის კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რა შედეგი მოაქვს პოლიტიკური პარტიისთვის არჩევნების ბოიკოტს.

ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" 56%-ის შემდეგ, თითქმის 11% აქვს "ლელოს", 10% გახარიას, 9,5% "კოალიცია ცვლილებს" და 7,5% "ნაციონალური მოძრაობას".

”ლელო - ძლიერი საქართველოს” საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია ბოიკოტში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს მეტი საქმით დაკავებას ურჩევს. მისი განმარტებით, ოპოზიცია "ქართულ ოცნებაზე" უნდა ფიქრობდეს და არა "ლელოზე".

"ეს უნდა ჰკითხოთ იმ კოლეგებს, ვინც აირჩიეს ბოიკოტი. ისინი მე მაკრიტიკებენ და მე არ მცალია მათ საკრიტიკებლად და მათზე საფიქრად. მე ვფიქრობ იმაზე თუ როგორ ვესაუბრო ჩემს ამომრჩეველს და არა იმაზე, ოპოზიციის კომენტირება როგორ გავაკეთო. ოპოზიციას, სხვა კოლეგებს ისევ და ისევ ვურჩევ დაკავდნენ მეტი საქმით, დაკავდნენ "ქართულ ოცნებაზე" ფიქრით, მსჯელობით და არა "ლელოზე" ფიქრით და მსჯელობით", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.