"სალაპარაკო ადამიანს მოძებნი, ვისთანაც შეიძლება ლაპარაკი, ამ სიგიჟიდან რომ გამოძვრე",-ამ სიტყვებით მიმართა ლევან ხაბეიშვილმა ბიძინა ივანიშვილს ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას.

"ქართულ ოცნებაში" სვამენ კითხვას, არის თუ არა ეს აღიარება, რომ ხაბეიშვილს მართლაც ჰქონდა კონტაქტი "ქართული ოცნების" ყოფილ წევრებთან და გულისხმობს თუ არა ხაბეიშვილი იმას, რომ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ირაკლი კობახიძის და მამუკა მდინარაძის მიღმა მას დაელაპარაკება.

ხაბეიშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას", ამ ეტაპზე, დამატებითი განმარტება არ გაუკეთებიათ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ხაბეიშვილი დიდი ინტელექტთ არ გამოირჩევა, თუმცა არ ჰქონდა მოლოდინი, რომ საზოგადოებას ე.წ. აღიარებით ჩვენებას მისცემდა.

"პრემიერმა, დაახლოებით, ორი კვირის წინ გააკეთა განცხადება ბატონ ხაბეიშვილთან, მელაძესთან დაკავშირებით. საფუძვლიან წყაროზე დაყრდნობით, ჩვენთვის ცნობილია, რომ სხვა ადამიანებიც ფინანსდებიან ისეთი ადამიანებისგან, რომელთა დაკავშირებითაც კითხვის ნიშნები შეიძლება არსებობდეს კორუფციასთან დაკავშირებით.

ბატონმა ხაბეიშვილმა, თავისი ნალაპარაკებით... ეს პირდაპირ დაადასტურა, რომ ის ნამდვილად ფინანსდება ასეთი ტიპის ადამიანებისგან. ეს იყო ლუსტრირება მისი მხრიდან, იგი დიდი ინტელექტით არ გამოირჩევა, თუმცა ნამდვილად არ მქონდა იმის მოლოდინი, თუ ასე სწრაფად მიცემდა ე.წ. აღიარებით ჩვენებას", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.